"შეიძლება, შენს საკანში იარაღი აღმოჩნდესო" - მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრები ციხის მაღალჩინოსნებს შანტაჟში ადანაშაულებენ
პატიმრების პროტესტი რუსთავის მეექვსე ციხეში - მსჯავრდებულის ოჯახის წევრები "ტვ პირველთან
ყვებიან, რომ პატიმრები მუქარისა და შანტაჟის პირობებში ახლაც არიან.
მათივე განცხადებით, ციხის ადმინისტრაციას პროტესტის შესახებ ტელევიზიებით გასული მასალები არ მოსწონთ და პატიმრებზე ზეწოლას ოჯახის წევრებით ცდილობენ.
"პირველების" რესპოდენტები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებს ცივი იარაღის ჩადებით ემუქრებიან.
პატიმარ გიორგი ჭელიძის ცოლის თქმით, დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ლექსო ქავთარაძე პირადად არის პატიმრების შანტაჟში ჩართული. მოშიმშილე მსჯავრდებულები ციხის დირექტორისგან შოთა ტრაპაიძისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
შეწყდეს არაადამიანური მოპყრობა პატიმრების მიმართ! მას შემდეგ რაც ჩვენ ხმა ამოვიღეთ, უფრო მეტ ზეწოლას ახდენენ. ეუბნებიან, როდემდე იშიმშილებთ, ხომ გაჩერდებითო, გული რომც შეგიწუხდეთ, გადასხმას გაგიკჯეთებთ და იგივე სიტუაცია იქნებაო. თქვან ჩვენ ვერ შეგვცვლითო. თითოული იმ პატიმრის სახელი და გვარი აქვთ ჩანიშნული, რომელთა ოჯახის წევრები აქტიურობენ. მათთან შედიან და პირდაპირ ეუბნებიან, შეიძლება შენს საკანში ცივი ნივთი აღმოჩნდეს და შეიძლება, სასჯელი დაგემატოსო"- აცხადებს მსჯავრდებულის ცოლი.
რუსთავის მეექვსე ციხეში 75 პატიმარი შიმშილობს. არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, მსჯავრდებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
"პირველებმა" მოიპოვა იმ პატიმრების კოლექტიური წერილი, ვინც შიმშილობის აქციას შეურთდა.
პატიმრები ყვებიან, რომ ადმინისტრაცია მათ გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებს - აგინებენ და ამცირებენ. შეზღუდული აქვთ პაემნები და სატელეფონო ზარები.