შეწყვიტეთ პატიმართა წამება! - მოშიმშილე მსჯავრდებულების ოჯახის წევრების აქცია რუსთავის ციხესთან
მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრები შველას ითხოვენ, ისინი დღეს, რუსთავის ნომერ მეექვსე დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და მსჯავრდებულთა წამების შეწყვეტა მოითხოვეს.
ისინი ციხის დირექტორისა და სხვა მაღალჩინოსნების გადაყენებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში ახლა 75 ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეებს კი სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, აგინებენ, საჭმელში უფურთხებენ, ემუქრებიან და აშანტაჟებენ.
ჩემი მეუღლე 14 დღეა შიმშილობს, მისი მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაჰყავთ, იმიზეზებენ, ათას რაღაცას. ვითხოვ, ციხის ხელმძღვანელი შეგხვდეს და აგვიხსნას, რა ხდება მეექვსე დაწესებულებაში?!"- აცხადებს დაკავებულის ცოლი.
მოშიმშილე მსჯავრდებულის ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმრებს საკვებში ჩაფურთხებით ემუქრებიან:
წინა აქციაზე, თანამშრომლები შეყარეს ცარიელ ოთახებში და იქიდან აყვირეს და ალანძღინეს პატიმართა ოჯახის წევრები. შოკისმომგვრელი იყო ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა, რომლის მიხედვითაც პატიმარს უთხრეს, რომ საჭმელში ჩაგიფურთხებთ და შემდეგ მოგიწევს მისი ჭამაო"- თქვა ადვოკატმა.
პატიმართა ოჯახის წევრები ციხის მაღალჩინოსნების შოთა ტრაპაიძის, დავით ნიკოლაიშვილისა და ლექსო ქავთარაძის დასჯას მოითხოვენ.
პატიმრების მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ასობით ადამიანს სასჯელის მოხდა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ გარემოში უწევს. ვინც პროტესტს გამოთქვამს, ის დეესკალაციის ოთახში 72-ი საათით მიჰყავთ. სადამსჯელო ოთახებში კი ანტისანიტარია და უჰაერობაა.