სისხლიანი გარჩევა "ლაგუნა ვერეზე" და დაპატიმრებული მანქანები - ბრალდებულების ადვოკატები გამოძიების უუნარობაზე საუბრობენ
ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და მკვლელობის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას 12 ადამიანს ედავებიან.
არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. არადა გამოძიების ვერსიით, მათ საკუთარი თვალით ნახეს გასროლა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიჭრა, ორი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს.
პროცესზე ადვოკატებმა დღეს მოსამართლეს გირაოთი გათავისუფლება მოსთხოვეს, მაგრამ სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარემ გამოძიების არაეფექტურობაზე ისაუბრა.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. მათი განცხაებით, უკვე მე-6 თვეა, რაც ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ავტომობილები პროკურატურას საჯარიმო სადგურზე ჰყავს გადაყვანილი , არადა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ავტომობილები საქმეში მნიშვნელოვანი გარემოება და მტკიცებულება ვერ იქნება.
მათი თქმით, პროკურატურა ცდილობს, რომ დასაჯოს და ბრალი იძიოს ბრალდებულებზე.
დანაშაულის რაიმე ნივთი რომ იყოს ან მამტკიცებელი, აბსოლუტურად არ არის ასეთი გარემოება. გიორგი გელოვანის მანქანა საერთოდ გვიან არის გაჩხრეკილი და სამმართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე. საკმაოდ ძირადღირებული და ვალდებულებებით დატვირთული მანქანებია. ამით ამწარებენ მათ. არავინ არ მწარდება ამით, მართალი გითხრათ, მაგრამ ხომ უხერხულია. ქვეყანას დემოკრატიულს თუ ვეძახით და კანონთან თუ ყველა თანაბარია, შესაბამისად ეს კანონი არ უნდა იყოს ზურგზე გადასამტვრევი“. - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.
ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, ბრალდების მოწმეების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ ბრალდებულებიდან რომელიმეს შესაბამისი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი და გამოძიება სრულიად უუნაროა.
აღნიშნული საქმე არის ქართული სასამართლო სინამდვილის ნამდვილი სახე, რომელიც საქრთველოს კარგა ხნით დაუკარგავს ევროპული ცივილიზაციის კარს. რამეთუ გამოძიება სრულიად უუნაროა. აღკვეთის გადახედვა მოვითხოვე დღეს, მაგრამ მოსამართლემ, თქვენ წარმოიდგინეთ, გვითხრა, რომ თურმე ახალი არსებითი გარემოება არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული განჩნება“. - ამბობს თოდუა.
პროკურორი ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ შემდეგი სხდომიდან ბრალდების მხარე მოწმეების წარმოდგენას დაიწყებს, ასევე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა.
12-ვე ბრალდებულს ბრალდების მხარე ედავება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ეს არის 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. დღეს ჩატარდა არსებითი განხილვის პირველი სხდომა, შესაბამისად შემდეგი სხდომიდან ჩვენ დავიწყებთ მოწმეების წარმოდგენას, მტკიცებულებათა გამოკვლევას და შეაფასებს საბოლოოდ სასამართლო მათ მიერ ჩადენილ ქმედებას," - განაცხადა სამხარაძემ.
ბიზნესმენ მარლენ მეტონიძესა და კონსტანტინე ქობულიას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, ძალიან ბევრმა თვითმხილველმა ნახა. თუმცა თვითმხილველებმა არ ითანამშრომლეს გამოძებასთან და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარეს.
აღნიშნული ბრალდება 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2022 წლის 22 აპრილს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ გარჩევას 5 ადამიანის მძიმე დაზიანება და 2 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფილ ბიზნესპარტნიორებს შორის სავარაუდოდ ბიზნესწილებზე მოხდა.