პატიმრების უმძიმესი პროტესტი ციხეში - რას ამბობს პენიტენციური?!
"გავრცელებული ინფორმაცია თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული არის არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობა" - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებაში საუბრობს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდდა.
რატი ბრეგაძის უწყება ირწმუნება, რომ მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.
შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.
ინფორმაციისთვის, N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები.
სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმიური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ.
N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად მედიაში გავრცელებული პატიმართა ე.წ. ,,ერთობლივი განცხადება“, არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც მისივე მითითებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოების დეზონფორმაციის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან", - წერია განცხადებაში.
საპირისპიროს ამტკიცებენ პატიმრების ოჯახის წევრები - პატიმრების მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ასობით ადამიანს სასჯელის მოხდა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ გარემოში უწევს. ვინც პროტესტს გამოთქვამს, ის დეესკალაციის ოთახში 72-ი საათით მიჰყავთ. სადამსჯელო ოთახებში კი ანტისანიტარია და უჰაერობაა.