ბორჯომში ისევ ხანძარს ებრძვიან - შსს-ს ინფორმაციით, დღის ბოლომდე ცეცხლი ლოკალიზებული იქნება
ბორჯომის ხეობაში ისევ ხანძარს ებრძვიან. დილიდან ცეცხლის ქრობის პროცესში თურქული ვერტმფრენია ჩართული. ქარის გამო ამ დროისათვის გაჩერებული სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. არსებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში მუშაობას ისინიც განაახლებენ.
ცნობილი ხდება, რომ თურქული სამი ვერტმფრენიდან, ორმა ქვეყანა უკვე დატოვა.
ვითარება ამ დრომდე საყურადღებოა სოფელ თისელში. ადგილზე რჩება პოლიცია და სოფლის შესასვლელს იცავს.
ყურადღების ცენტრში რჩება ბაქო-ჯეიჰანის გამშვები პუნქტიც. სამაშველო სამსახურის ცოცხალი ძალა ამ დრომდე სტრატეგიულო ობიექტის დაცვას ცდილობს.
სამი სოფელი ამ დრომდე კვამლშია გახვეული, თუმცა საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში ამბობენ, რომ პროგნოზები დამაიმედებელია.
შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია, დარჩენილი კერები კი დღის ბოლომდე ლიკვიდირებული იქნება.