რუსულ ხორბალზე დამოკიდებული საქართველო და გაზრდილი ფასები
ადგილობრივი წარმოების 100 ათასი ტონა ხორბალი და ხუთჯერ მეტი იმპორტირებული რუსეთიდან - ეს ქართული რეალობაა.
ჩვენი ქვეყანა ისევ რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, თუმცა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, ამბობს, რომ საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს - არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას.
ანუ რას ნიშნავს ეს - ირკვევა, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსეთმა საკუთარ ხორბალზე წვდომა შეგვიზღუდა, რის გამოც, ფქვილის ყიდვა სხვა ბაზარზე და უფრო ძვირად გვიწევს.
რატომ არ გვაქვს საკმარისი ხორბალი, უკვე დიდი ხანია ადგილობრივი მწარმოებლები წისქვილების ამუშავებას ითხოვენ, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში, დაახლოებით, ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით". – თქვა კერი ფაულერმა.
ფაულერი ასევე დეტალურად საუბრობს აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარებაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნა 30 წლის განმავლობაში იღებს.
"ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, დაახლოებით, $6 მილიარდის დახმარება გაუწია. სასოფლო-სამეურნეო პროგრამები 4-5 წლიანი მიმდინარე პროგრამებია და მათთვის დაახლოებით, 23 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ასევე, 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი პროგრამაზე, რომელიც მავნე მწერების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ ამ პროგრამებს ვაკვირდებით ეფექტურობის შესაფასებლად და საქართველოს დახმარების გზების გასაუმჯობესებლად". – თქვა ფაულერმა.