დღეს დაისვენებენ და ხვალ დილით შევლენ სააკაშვილთან - რამდენიმე საათში ორი უცხოელი ექსპერტი საქართველოში იქნება
რამდენიმე საათში ორი უცხოელი ექსპერტი საქართველოში იქნება. ამერიკელი და შვეიცარიელი ექიმებისთვის კლინიკა “ვივა მედის” კარი ხვალ დილიდან გაიღება.
ორმა მედიკოსმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სრულფასოვანი კვლევები უნდა ჩაუტაროს, გაეცნონ მიხეილ სააკაშვილის ჯანრმთელობის ისტორიას და ბოლო კვლევის შედეგებსაც.
ხუთ დღეში ექსპერტებმა გაეროდან და ევროპიდან ერთობლივი დასკვნაც უნდა მოამზადონ.
ამის შემდეგ კი მთავარი სიტყვა მოსამართლეს ეკუთვნის.
ადვოკატების მიმართვის შემდეგ სასამართლომ უნდა თქვას გადაუვადებენ თუ არა სასჯელს პატიმარ პრეზიდენტს და გაუშვებენ თუ არა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
დაპატიმრებული პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ამ ორი ექსპერტის დასკვნაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
„ექსპერტები დღეს დაისვენებენ და ხვალ დილით შეუდგებიან ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზის ჩასატარებლად იმიტომ ჩამოდიან, რომ გაარკვიონ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები ფაქტობრივად დაუდგენელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო დაეყრდნოს მათ დასკვნას, ვინაიდან უნდა განიხილოს აღნიშნული შუამდგომლობა, რაც შეეხება მის მდგომარეობას, გაუმჯობესება არ შეინშნება, იგივე მდგომარეობაა“. - შალვა ხაჭაპურიძე.