რუსულ ხორბალზე დამოკიდებული საქართველო - ექსპერტები "ოცნებისგან" შიდა წარმოების გაზრდას მოითხოვენ
რუსულ ხორბალზე დამოკიდებული საქართველო - მწარმოებელთა ასოციაციაში საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, საქართველომ შიდა წარმოება გაზარდოს და იმ რაოდენობის ხორბალი აწარმოოს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ეყოფა.
„საქართველო აწარმოებს, წლევანდელი დაახლოებით ეს არის 130 ათასი ტონა ხორბალს, თუმცა ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაში, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად გვჭირდება დაახლოებით 600 ათსამდე ტონა ხორბალი. სახელმწიფოს სჭირდება ამ მხრივ უფრო მკაფიო პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომელიც, მათ შორის, მსოფლიო ბაზარზე წარმოიშვა. ამის გადაწყვეტა შეიძლება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის გაზრდით და მეორე - გარდამავალი მარაგების არსებობით“. - ამბობს მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა.
ოპოზიციონერები საუბრობენ იმაზე, თუ რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველო აღარ ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებული.
ოპოზიცია ამბობს, რომ „ოცნება“ ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაყვანას ცდილობს.
„ნაცვლად რუსეთზე დამოკიდებულებისა, საქართველოს მთავრობას უნდა განევითარებინა ეს დარგი და შესაბამისად არავისზე დამოკიდებული არ ვიქნებოდით. პოტენციალიც გვაქვს იმისა, რომ ადგილობრივი ხორბალი მოხმარებული იყოს არა მარტო საქართველოსთვის, არამდედ ექსპორტზეც გავიტანოთ“. - ამბობს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს შეუზღუდა ხორბლის მიწოდება და ამიტომაც საქართველო გახდა იძლებული, რომ შეისყიდოს ფქვილი, რაც გაცილებით ძვირია.