გოგაშვილის დაცვის უფროსს პატიმრობა ემუქრება - სამხარაძეს ბრალი წარუდგინეს
სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ალექსანდრე სამხარაძეს ბრალის დაგდენილება ცოტახნის წინ ოფიციალურად გააცნეს.
ბრალის დადგენილებაში, რომელიც „პირველებმა“ მოიპოვა პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო მას საბრძოლო მასალების შენახვას ედავება.
თავად სამხარაძე კი დარწმუნებულია, რომ ბრალის წარდგენით ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს.
როგორც სამხარაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ის უწყებაში დაბარებული იყო მოწმის სტატუსით, თუმცა გენ-ინსპექცია დატოვა როგორც ბრალდებულმა.
გოგაშვილის დაცვის უფროსი არ გამორიცხავს, რომ ხვალ მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდოს.
„გამოვედი ბრალდებულის სტატუსით, ოფიციალურად წამიყენეს ბრალი, დანარჩენს უკვე პროკურატურა და სასამართლო დაადგენს. ცდილობენ რომ ოჯახს ჩამომაშრონ, იმიტომ რომ ყველამ იცის, რომ 2014 წლის შემდეგ მე იოსებ გოგაშვილის გვერდით ვარ 24 საათი. ამიტომ ცდილობენ რომ დამაკავონ“. - ამბობს სამხარაძე.
გამოძება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.