უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის გადმოსვენების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არ ესწრებიან

21.04.21 13:29
უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის გადმოსვენების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არ ესწრებიან

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის, დავით შარტავას, ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში ჩამოსვენებენ. როგორც ჩანს, გადმოსვენების  რიტუალი პომპეზური არ იქნება, რადგან ადგილზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოჩენილან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არც სხვა სახელწმიფო უწყებების მაღალჩინოსნები იმყოფებიან. 
ოჯახის წევრების თქმით, მათთან რეგულარულ კომუნიკაციაში იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა თავდაცვის სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი მათ არ დაკავშირებიათ და არ მიუსამძიმრებიათ. 

გარდაცვლილი ჯარისკაცის შვილი ამბობს, რომ გადმოსვენების ხარჯები უკრაინის სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. 

დამირეკეს მამაჩემის თანამებრძოლებმა და შემატყობინეს ფაქტის შესახებ. ყველაფერი, ხარჯები, გადმოსვენება, მათ შორის, ცერემონიალი, რაც კიევში ჩატარდა, თავის თავზე აიღო უკრაინის სახელმწიფომ, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან  წარგზავნილი იყო რწმუნებული და ასევე ბრიგადის გენერალი და ისინიც იღებდნენ ამ ცერემონიალში მონაწილეობას. საქართველოში გადმოსვენებასაც მეთაურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან წარგზავნილი რწმუნებული, - ამბობს შარტავას ვაჟი. 

ქართველი ჯარისკაცი, დავით შარტავა, 18 აპრილს უკრაინაში რუსი აგრესორების მიერ ნასროლმა ჭურვმა შეიწირა.