დაჭრა ცოლის ნათესავები, მათ შორის მცირეწლოვანი - მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

02.09.22 10:54
დაჭრა ცოლის ნათესავები, მათ შორის მცირეწლოვანი - მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს 20  წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

პროკურატურის ცნობით, ასევე, ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა. 

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.