მხილებათა სერია ციხიდან - რას ამბობენ სუს-თან კავშირში დადანაშაულებული NGO-ები?

02.09.22 15:18
მხილებათა სერია ციხიდან - რას ამბობენ სუს-თან კავშირში დადანაშაულებული NGO-ები?

„მრავალეროვანი საქართველო“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ - ეს არის ის ორი ორგანიზაცია, რომელთა შესახებაც სოსო გოგაშვილმა ციხიდან გამოქვეყნებულ ახალ წერილში ისაუბრა და სადაც, ორივე მათგანი  სუს-თან კავშირში ამხილა. 

„პირველები“ გოგაშვილის მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს ესაუბრა.

"საზოგადოებრივი დამცველის" ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე ამბობს, რომ ის გოგაშვილს არ იცნობს და მის შესახებ მხოლოდ დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ გაიგო.

მეტიც, ფუტკარაძე ირწმუნება, რომ არც კი იცის სად არის სუს-ის შენობა.

მოულოდნელი იყო, ჩემთვის უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. გოგაშვილს არ ვიცნობ, აზრზე არ ვარ, არ მქონია შეხება. გოგაშვილი საერთოდ გავიგე როდესაც დააკავეს მაშინ. არანაირი კომუნიკაცია ჰქონია ჩვენს ორგანიზაციას მასთან. ეს არის შავი პიარი, ფიზიუკურად სად არის სუ-ის შენობაც არ ვიცი სად არის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი არც კომუნიკაცია და არც მტკიცებულება“. - ამბობს ფუტკარაძე.

რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, მისი თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი მასზე მიტანილ სამ იერიშზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველი იერიში მასზე "ნაციონალური მოძრაობის" დროს განხორციელდა, მეორედ „ოცნების“ ხელისუფლების დროს, ახლა კი მესამე იერიში სუს-ის ყოფილმა შეფმა მიიტანა.

სტეფანიანს უკვირს, თუ ვისი ინტერესები გადაკვეთა. საინტერესოა ის გარემოება, რომ არნოლდ სტეფანიანმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა ის, რომ სუს-თან აქტიურად თანამშრომლობს.

სტეფანიანი ვერ იხსენებს იცნობს თუ არა სოსო გოგაშვილს.

ეს არის ჩემთვის შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ის, რაც თქვა გოგაშვილმა, არამედ ის, რომ მაგ თემაზე საერთოდ საუბრობთ. ვთანამშრომლობთ ყველასთან, დაწყებული სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პარლამენტი, სამინისტრო, მათ შორის სუს-იც. მაგალითიც შემიძლია გითხრათ, საიდუმლო არ არის, ბოლოს მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ყარაბაღის ომის დროს. მათ შორის ოფიციალური მიწერ-მოწერაც არის, მათ შორის კვლევაც არსებობს, პრეზენტაციაც გაგვიკეთებია რელევანტურ უწყებაში და მათ შორის საერთაშორისო უწყებებში“. - ამბობს სტეფანიანი.

სუს-ის ყოფილმა მაღალჩნოსანმა დღეს ციხიდან ახალი სკანდალური წერილი გაავრცელა და  იმ ენჯეოების და მედიის, ექსპერტ-მპოსტავების სიების გამოქვეყნება დააანონსა, რომლებიც გოგაშვილის მტკიცებით, სუს-იდან იმართებიან და „ოცნების“ შავი სალაროდან ფინანსდებიან.