ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში, ასწავლიან ოკუპანტის ისტორიას - რუსული პროგრამით სწავლამ ოპოზიცია გააღიზიანა

03.09.22 15:23
 ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში, ასწავლიან ოკუპანტის ისტორიას - რუსული პროგრამით სწავლამ ოპოზიცია გააღიზიანა

რუსული პროგრამით სწავლა ბათუმსა და ახლა უკვე დედაქალაქშიც - აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიცია გააღიზიანა. 

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს იმის უფლება, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში რუსული პროგრამით ასწავლონ.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას უსვამს კითხვას, თუ რა უნდა თქვან ასეთ სკოლაში ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე და რატომ უნდა ისწავლებოდეს ოკუპანტის ისტორია საქართველოში.

„უკრაინის ომის ფონზე ამ რუსული ტალღის აბსოლუტურად უკონტროლო ტალღის შემოსვლა სხვადასხვა პრობლემებში იჩენს თავს. ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ჩვენთან, ოკუპანტი საკუთარი წესებით ასწავლის. მარტივი კითხვა ჩნდება - რას ამბობენ ოკუპაციაზე? ისინი ყვებიან ოკუპანტის ისტორიას და ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში ამას ასწავლიან. ეს წარმოუდგენელია. ფაქტიურად, დასტურდება, რომ სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ატარებს რუსულ ინტერესებს და არ იცავს ჩვენს არც ისტორიას, არც უსაფრთხოებას“. - ამბობს ელენე ხოშტარია.