სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები ორმაგდება

03.09.22 15:30
სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები ორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მკაცრდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი დადგენილ ნორმას გადააჭარბებს 150-ის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმდება. 

გარდა ამისა, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას- 300 ლარის ოდენობით. 

გაორმაგებულ ჯარიმებს მოსახლეობა უკმაყოფილო ხვდება.

ხალხი 150 ლარს ვერ იხდის და 300 ლარს რანაირად გადაიხდის, კიდე გაძირება, მემგონი არ არის მიზანშეწონილი“. - ამბობს ხალხი.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის,  ეკა ლალიაშვილის თქმით, სიჩქარის გადაჭარბება იწვევს ფატალურ შედეგებს და სწორედ ამას ემსახურება ჯარიმებზე ფასის გაორმაგებაც. 

სიჩქარის გადაჭარბება ახდენს ფატალურ შემთხვევებს, ამიტომ პრევენციისთვის გამკაცრება მნიშვნელოვანია, თუმცა არის რაღაც ზღვარი რომლის იქითაც ვერ გავზრდით ჯარიმებს. ვფიქრობთ, გარდა სანქციების გაზრდისა, გამოსავალი იქნება ასევე ქულათა სისტემის შემოღება კონკრეტულად სიჩქარის გადაჭარბებაზე". - ამბობს ლალიაშვილი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მზადაა და ის ბიუროს სულ რამდენიმე დღეშ წარედგინება.