დაჩეხილი იყო, ყელი მოჭრილი ჰქონდა, წამებით მომიკლა შვილი - თურქეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახი
თურქეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებაში ჩართვას სთხოვს.
შემზარავ ამბავს, რომელსაც 2 მოკლული ჰყავს, ამ დროისთვის, მხოლოდ თურქული მხარე იძიებს.
სასტიკად ნაწამები და მოკლული ქალის ოჯახს არ აქვს პასუხი დანაშაულის მოტივზე და ფიქრობს, რომ გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიდის.
„ვიცი, რომ დაგეგმილი ჰქონდა და მოტყუებით წაიყვანა იქ ჩემი შვილი. 2 დღის გარდაცვლილი იყო ჩემი შვილის, როდესაც 25-ში დამირეკეს მაგისმა მშობლებმა, რომ ავარიაში მოყვაო. ავარიაში კი არა მოკლული ყოლია და ნაწამები ჩემი შვილი და არაფერი ვიცოდი. ჯერ აწამა, ნაცემი არის, დალურჯებული ჰქონდა მთელი სხეული, სახიდან ფეხებამდე. სულ დაჩეხილი იყო, ყელი მოჭრილი ჰქონდა. აწამა და საშინლად მომიკლა შვილი. ისე მოკლეს იქ ორივე, რომ სულ სხვანაირად გამოიტანეს პასუხი. ვითომ მეგობარი იყო და უღალატაო და თავი მაგიტომ მოაჭრაო. ეგრე არაფერი არ არის. მერე ალბათ დაგვირეკავენ თურქეთიდან და პასუხებს გვეტყვიან რა მოხდა და რა არის სიმართლე. საქართველოდან აბსოლუტურად არავინ დაგვკავშირებულია“. - აცხადებს მოკლული ქალის დედა.
თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. საზარელი ფაქტის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ 26 აგვისტოს გაავრცელა.
23 წლის რიტა ეგნატაშვილი და ორი მამაკაცი თურქეთში ჩაის საკრეფად იყო წასული და პლანტაციაში მუშაობდა.