დაკავებულია კაცი, რომელიც მოქალაქეს სხვისი ვალის გადახდას აიძულებდა - შსს-ს განცხადება

05.09.22 12:02
დაკავებულია კაცი, რომელიც მოქალაქეს სხვისი ვალის გადახდას აიძულებდა - შსს-ს განცხადება

ქართველმა სამართალდამცავებმა გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს-ს ცნობით,  1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა.
ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა"- წერია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები.

სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.