სპეცოპერაცია გორში - მეზობლები 33 წლის ახალგაზრდის ნარკორეალიზატორობას კატეგორიულად გამორიცხავენ
ხმაური გორის სოფელ მეჯვრისხევში - სამართალდამცველების ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 33 წლის აჩიკო გიგოლაშვილის სახლს საათნახევრის განმავლობაში ჩხრეკდნენ.
ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, სახლის ჩხრეკა მოწმის გარეშე განხორციელდა. აღნიშნულ ქმედებას მეჯვრისხევის მეზობლების პროტესტი მოჰყვა.
მეზობლები დაკავებულის სახლში შესვლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მეზობლები ამბობენ, რომ 33 წლის ახალგაზრდა ნარკორეალიზატორი არ არის.
„პამიდორს რგავდა და ხელით უსხამდა წყალს. შეიძლება თვითონ სხვებმა შეაცდინეს და იყენებდა, მაგრამ, როგორც ასეთი, რომ გამსაღებელი იყოს, გამორიცხულია“. - ამბობს მეზობელი.
33 წლის ახალგაზრდა აჩიკო გიგოლაშვილი ნარკორეალიზაციის ბრალდებით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დააკავეს.
გიგოლაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
დღეს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად,10-მდე ნარკრეალიზატორი დააკავეს. არც ერთი მათგანი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.