სკოლიდან მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ათიათასობით ლარი გაქრა - ბრალდებულია ბუღალტერი
ფინანსური დანაშაული სკოლაში - “პირველებმა” გაარკვია, რომ ჩოხატაურში, სოფელ იანეულში სკოლის ბუღალტერს ათიათასობით ლარის მითვისებას ედავებიან.
საუბარია სხვადასხვა წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებსა და შესყიდვების დროს მითვისებულ თანხებზე.
ის, რომ ბუღალტერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „პირველებს“ დაუდასტურა პროკურატურამ და სკოლის დირექტორმაც.
არსებული ინფორმაციით, გარდა ბუღალტრისა, ეჭვები და კითხვები არსებობს სკოლის დირექტორთანაც, თუმცა სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის მხოლოდ დაკითხეს და საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
„როგორ გეკადრებათ, მე ასეთი წარმატებები მაქვს და ამას ვიზამდი, გამორიცხულია. ყველაფერი დამტკიცდა უკვე“.- ამბობს დირექტორი.
რაც შეეხება ბუღალტერს, ის ტელეფონს არ პასუხობს და მედიასთან კომუნიკაცია საერთოდ არ აქვს, თუმცა რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ბუღალტერი ამ დრომდე მუშაობს, მას არ შეწყვეტია ხელშეკრულება და ისევ სკოლაში დადის.
საქმეს აჭარის პროკურატურა იძიებს, სადაც მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ გამოძება აქტიურად მიმდინარეობს.