ყველაფერი წამართვეს, უსახლკაროდ დავრჩი - "ოცნებამ" პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

08.09.22 11:35
ყველაფერი წამართვეს, უსახლკაროდ დავრჩი - "ოცნებამ" პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგების არ შემოშვების პოლიტიკას განაგრძობს.  უკრაინის კიდევ ერთი მხარდამჭერი, რუსი ჟურნალისტი მესაზღვრეებმა საზღვრიდან გააბრუნეს. დმიტრი ალეშკოვსკი თბილისში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, რამდენიმე დღით ერევანში სამსახურეობრივი მიზნით ჩავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ უკან შემოსვლაზე უარი უთხრა. 

დმიტრი ალეშკოვსკი „პირველებს“ უყვება, რომ ის ოჯახთან ერთად ომამდე გადმოვიდა ჩვენს ქვეყანაში და მეტიც, ქორწილიც კი საქართველოში გადაიხადა. 

ჟურნალისტი გვიყვება, რომ ჩამოფრენისას, თავისი თვალით დაინახა, თუ როგორ ეწერა მისი სახელი და გვარი ფურცელზე სიის თავში და როგორ უთხრეს რომ ქვეყანა დაეტოვებინა.

„მე თბილისში საცხოვრებლად გადმოვედი ომამდე რამდენიმე წლით ადრე. ჩემი მეუღლე და ქალიშვილი იქ არიან, ჩვენს ბინაში. მე არ ვარ ტურისტი, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ქორწილიც კი საქართველოში გადავიხადე. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში, მაქვს ჩემი ბიზნესები. მე ვარ პუტინის რეჯიმის წინააღმდეგ ძალიან ბევრი წელია. გაჩვენებთ ჩემს პასპორტს - ხედავთ, რამდენი ბეჭედია საქართველოს საზღვარზე ჩარტყმული? საქართველო არის ქვეყანა, რომლის საზღვარიც ძალიან ბევრჯერ გადამიკვეთავს და მაქვს ასობით შტამპი პასპორტში. 

როდესაც 2 დღის წინ სომხეთიდან თბილისში ჩამოვფრინდი, მესაზღვრესთან ჩემი თვალით ვნახე, რომ ჩემი სახელი და გვარი და ფრენის ნომერი ეწერა ფურცელზე, ხელით დაწერილი სიის თავში. ასე რომ, ეს მესაზღვრე ქალბატონი მელოდებოდა მე. გამომართვა პასპორტი და დაახლოებით 2 საათიანი დაყოვნების შემდეგ მითხრეს, ბოდიში, მაგრამ თქვენ დეპორტირებული ხართ და დატოვეთ ქვეყანაო. მე არ ვიცი რატომ მოხდა ჩემი დეპორტირება, არაფერი აუხსნიათ“. - ამბობს ჟურნალისტი.

პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი მომხდარით შოკირებულია და ამბობს, რომ მას წაართვეს სახლი და უსახლკარო გახადეს, ახლა კი არ იცის სად უნდა წავიდეს.  

„მე არ ვარ პრობლემა საქართველოსთვის, მე პროქართული ადამიანი ვარ. მე საქართველოს მეგობარი ვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ძალიან მტკივნეული სიტუაციაა, როდესაც ხედავ, რომ საზღვარზე უზარმაზარი წარწერაა - იყავი უკრიანასავით მამაცი, მაგრამ ამ დროს ხდება ისეთი რამ, რასაც საერთოდ არაფერი აქვს გაბედულობასთან. შოკირებული ვარ, რადგან ახლა მე მეუბნებიან რომ უნდა ვიცხოვრო რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის უსაფრთხო არ არის ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ახლა ვარ სომხეთში და არ ვიცი სად უნდა წავიდე ხვალ დილით. ყველაფერი საქართველოში მაქვს, სამსახური, სახლი, ტელეფონის ნომერიც კი ქართული მაქვს. ახლა მე წამართვეს სახლი, ყველაფერი და გადავიქეცი უსახლკარო ადამიანად“. - ამბობს დმიტრი ალეშკოვსკი.