გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას პირადად ივანიშვილი იღებს - საძაგლიშვილი

08.09.22 12:02
გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას პირადად ივანიშვილი იღებს - საძაგლიშვილი

ჩააბარებს თუ არა საბოლოო გამოცდას სააპელაციო სასამართლო და გახდება თუ არა ჟოზეფ ბორელის განცხადება მეორე ინსტაციისთვის გადამწყვეტი ტესტი? - ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად 20 სექტემბერს გადმოიტანა. 

გვარამიას ადვოკატის თქმით, საქმეზე გადაწყვეტილებას პირადად ივანიშვილი იღებს, თუმცა, შეიძლება, ადგილი ჰქონდეს საერთაშორისო ზეწოლას.

წინასწარ ვარაუდის გაკეთება ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ბევრ რამეს შეიძლება ემოქმედა, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლას“. - ამბობს საძაგლიშვილი.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს იქნება ტესტი სააპელაციო სასამართლოსთვის.

ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააუქმდება და გვარამიას თავისუფლებაზე არ გამოუშვებენ, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. 

ის, რომ ევროპარლამენტარებს არ უშვებენ მასტან მოსანახულებლად, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნიკა გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და პროცესი, რომელიც გადმოიწია სააპეკლაციო სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, უნდა გახდეს საფუძველი ნიკა გვარამიას გათავისუფლების“. - ამბობს ბეჟაშვილი.

ახლა ცენტრალური კითხვაა გახდა თუ არა „მთავარი არხის“ დამფუძლებლის პროცესების დაჩქარების საფუძველი ბორელის განცხადება, რომელმაც პირდაპირ უთხრა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ევროპული მისწრაფებების გასაძლიერებლად ერთ-ერთი უმნიშველოვანესი დამოუკიდებელი სასამართლო და მედიის თავისუფლებაა.