იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც პოლიციელს 5 ტყვია ესროლა

09.09.22 17:15
იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც პოლიციელს 5 ტყვია ესროლა

„პირველებისთვის“ ცნობილი ხდება იმ პირის ვინაობა, რომელმაც პოლიციელს ღამის კლუბთან 5 ტყვია ესროლა. 

დაკავებულია ეროვნებით ქართველი, რუსეთის მოქალაქე ირაკლი დუნდუა. ის ახლა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

დაკავებულის ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე, „პირველებთან“ ამბობს, რომ მას დუნდუასთან აუდიენცია ჯერ არ ჰქონია. 

გამოძიებამ რუსეთის მოქალაქე იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავა. გამოძიება მას ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. 

ინციდენტი ტაბიძის ქუჩაზე ორი დღის წინ, გვიან ღამით, მოხდა.

„პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცელი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ ბარში, მის გვერდით მაგიდაზე კი იჯდა ირაკლი დუნდუა ასევე მეგობრებთან ერთად. თუმცა, რა მოტივით დაიწყო მხარეებს შორის დაპირისპირება, ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არც ერთი მხარე არ საუბრობს.