20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა - მოსამართლემ 5 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე - მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი: რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები: გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.
ადვოკატების უმეტესობა დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
სახელმწიფო ბრალდება დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდებულების: რატი ჩაჩანიძის, ირაკლი ასლანაძის,ნიკოლოზ ბაზაძის, ოთარ კვირაიას, დავით ხარისჭირაშვილის 10 0000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაეთანხმა, თუმცა პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა დასძინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ჯგუფურად ჩაიდინეს ხულიგნობა.
ცნობისთვის, დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს.
ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.