თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან გამოყოფილ მილიონებს ვერ ითვისებს
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო 6 თვის შესრულება გამოიკვლია და დაადგინა, რომ არსებობს 5 პროგრამა, რაზეც თანხა საერთოდ არ დახარჯულა, მათ შორის არის თავდაცვის სამინისტრო.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 13 მილიონი ლარი ვერ აითვისა. აღნიშნული თანხა საჰაერო ძალების გაძლიერებისთვის უნდა დახარჯულიყო.
ეს არის თავდაცვის პროგრამა, რომელიც დღეს აქტუალურია თუნდაც უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზეც. პროგრამა ეხება საჰაერო ძალების გაძლიერებას. მასზე 13 მილიონი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან, თუმცა, არ დაიხარჯა.
თავდაცვის პროგრამები შედარებით დახურულია და ბევრი ინფორმაცია არ ჩანს, რა უნდა ეყიდა სამინისტროს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს 13 მილიონი არ დახარჯულა - აცხადებს ბესო ნაჩავაძე- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანალიტიკოსი
რატომ ვერ აითვისა თავდაცვის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი თანხა? ,,პირველები" აღნიშნული კითხვით ფინანსთა მინისტრს დაუკავშირდა.
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, აცხადებს, რომ წლის ბოლომდე არის დრო და თავდაცვის სამინისტრო ამ თანხას აითვისებს.
სამაგიეროდ მთავრობა წლიდან წლამდე ზრდის დაფინანსებას შტატგარეშე თანამშრომლებითვის - რაც ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, უფრო მეტი ადამიანი გააფორმეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში და ჯამაგირს უხდიან.