სისხლიანი გარჩევა სკოლაში - დაკავებულის ოჯახი პოლიციას იძულებაში, პროკურატურას კი კონკრეტული პირის მფარველობაში ადანაშაულებს

15.09.22 15:51
სისხლიანი გარჩევა სკოლაში - დაკავებულის ოჯახი პოლიციას იძულებაში, პროკურატურას კი კონკრეტული პირის მფარველობაში ადანაშაულებს

"პროკურორი იმ სკოლის მოსწავლის ადვოკატად იქცა, ვინც სისხლიან გარჩევაზე დანა მიიტანა" -  ეს განცხადება დაკავებული თბილისის 74-ე მსკოლის მეათე კლასელის უფლებადამცველმა პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბრალდებულს რაიმე შემხებლობა ჰქონდა დაზარალებულთან. არა თუ რამე დაზიანება მიაყენა, პირიქით, მოწმეების ჩვენებით დადასტურდა ის, რომ დანით შეიარაღებულ ერთ-ერთ ახალგაზრდას კონტაქტი და შეხება ჰქონდა დაზარალებულთან. ხოლო დღევანდელ პროცესზე გამოვიდა ისე, რომ ბრალდების მხარე ახორციელებს ერთ-ერთი მოწმის დაცვას" - განაცხადა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ჯვარედინი დაკითხვისას ორმა მოწმემ, რომელიც ჩხუბში თავადაც მონაწილეობდა სასამართლოს უთხრა, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ჭრილობის მიყენება არ დაუნახავთ, თუმცა ბრალდება ამტკიცებს, რომ მათი ჩვენებები საქმეში მათ სასრგებლოდ გამოდგება.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა დარწმუნებულია, რომ მოწმეებზე ზეგავლენა ჯერ პოლიციელებმა, შემდეგ კი პროკურატურამ მოახდინეს. 

როგორც მე გავიგე და მითხრეს, ზეწოლით, დამუქრებითა და დაშინებით როგორც ჩემი შვილი გაიყვანეს და უთხრეს, დააშინეს, ასე თქვიო, შენი ძმაკაცები უნდა დაიცვაო, ასე უტხრეს სხვა მოწმეებს, იმ ბავშვებს, რომ იციან, ვინ არის დამნაშავე და თქვითო. ეგეც დაბარებით, პროკურორმა უკვე დაიბარა ყველა და უთხრა, როგორ უნდა ილაპარაკონ.- აცხადებს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა.

მაისის თვეში მომხდარ დაჭრის ფაქტზე  უკვე 50-მდე პირია გამოკითხული. დღეს სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ ის არასრულწლოვნები, ვინც დაჭრის ფაქტს უშუალოდ შეესწრო და ყველამ უნდა მისცეს ხელახლა ჩვენება მოსამართლეს.

მთავარი კითხვაა, აღიძვრება თუ არა საქმე იმ გამომძიებელების მიმართ, რომლებსაც პირდაპირ ადებენ ხელს არასრულწლოვნები. 

დადგება თუ არა თავდაყირა სკოლაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე? - დაცვის მხარის მტკიცებით, განყოფილებაში ოთხივე მოწმე, რომელმაც პროკურატურის სასარგებლო ჩვენება მისცა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი იყო. 

უფლებადამცველების თქმით, 74-ე სკოლის მოსწავლეებმა ხელი არასრულწლოვან მე-10 კლასელს დაადეს და თქვეს, რომ 15 წლის მოზარდს 2 ჭრილობა სწორედ ბრალდებულმა მიაყენა, თუმცა, ირკვევა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ  ჩვენება საკუთარი ნებით არავის მიუცია და გამოძიება მთელი რიგი კანონდარღვევებით ჩატარდა. 

სისხლიანი გარჩევა თბილისში, სამგორში მდებარე 74-ე სკოლაში. "პირველების" ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, სკოლაში დაიწყო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრით დასრულდა. დაპირისპირებაში სავარაუდოდ 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა, თუმცა გომელაურის უწყებამ მხოლოდ ერთი პირი დააკავა.