აფგან მუხთარლი გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
"დაიკითხოს ივანიშვილი და გომელაური" - თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისშია და დღეს ამ მოთხოვნით პროკურატურაში მივა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სუს-ის მაღალჩინოსნის სკანდალური ჩვენების გამო ხვალ უკვე ღარიბაშვილს მიმართავს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ითხოვს.
მუხთარლი ფიქრობს, რომ მინისტრის პოსტზე მყოფი გომელაური გამოძიებას ხელს შეუშლის და ყველა მტკიცებულებას გაანადგურებს.
მუხთარლი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ მისი მოთხოვნები გაიზარდოს.
ჩამოვედი იმისთვის, რომ პროკურატურაში რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენო: პირველი - ეს სოსო გოგაშვილის განცხადებებია, რომელმაც თქვა, რომ ჩემი გატაცების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი.
მე მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ ორივეს დაკითხვა მოხდეს ჩემს საქმეზე. ვაპირებ, მივმართო მოქმედ პრემიერ-მინისტრსაც, რომ შეუჩეროს უფლებამოსილება შს მინისტრს, იმიტომ რომ თუ გომელაური პოსტზე დარჩება, მას შეუძლია, გავლენა მოახდინის გამოძიებაზე.
ხვალ ან ზეგ ჩემს ოფიციალურ მიმართვას მიიღებს პრემიერი და პარლამენტი. დღეს მე მექნება ამ თემებთან დაკავშირებით პროკურატურაში საუბარი და ამის შემდეგ, შესაძლოა, ჩემი მოთხოვნები გაიზარდოს”.- ამბობს აფგან მუხთარლი.