კოჯორში ბაღის შენობიდან გამოსახლებული პირები ხელისუფლებისგან ალტერნატიულ ფართს ითხოვენ
ფარულად გასხვისებული შენობა და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები - ეკონომიკის სამინისტრომ 21 ოჯახი პრაქტიკულად გამოაგდო საცხოვრებლიდან, სადაც ისინი 20 წელი გამგეობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ. საუბარია კოჯორში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღ, ,,მიხაკის" შენობაზე.
მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ მათი ფართები სამინისტრომ კერძო პირზე გაასხვისა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მაცხოვრებელი ტაბახმელის პოლიციაში დაიბარეს და განმარტებებს სთხოვენ, თუ რატომ ცხოვრობს სხვის საკუთრებაში. მოქალაქე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ დაიბარეს სამართალდამცველებმა განყოფილებაში ის 12 წლის წინანდელი საქმის გამო.
12 წელია, აქ ვცხოვრობ და უკანონოდ შეჭრილი ხარო, მითხრეს. ამის გამო დამიბარეს პოლიციაში და ადვოკატთან ერთად უნდა მოხვიდეო. ჩემიდან იწყებენ. სადაც ვცხოვრობ, ის ცალკე კორპუსია და დანარჩენების კიდევ ცალკე.
მომცენ სხვა საცხოვრებელი და წავალ - აცხადებს საბავშვო ბაღში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, იგორ მარტოვი.
არც ეკონომიკის სამინისტრო და არც თბილისის მერია პასუხს არ სცემენ კითხვაზე, თუ სად უნდა იცხოვრონ მოქალაქეებმა ბაღის გასხვისების შემდეგ. ქუჩაში დარჩენილები ახლა ალტერნატიულ ფართებს მერიისგან ითხოვენ.
ადვოკატის ინფორმაციით, მიწა, რომელზეც ყოფილი საბავშვო ბაღი დგას, შეიძინა ვინმე სიხარულიძემ და ახლა პოლიციის დახმარებით ტერიტორიის დაცლას ცდილობს.