"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა" - კალაძე მოსახლეობას
თბილისს აქვს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა განახლებული ავტოპარკით თავი მორიგ ჯერზე მოიწონა.
კი, დედაქალაქს, თბილისს, ჰყავს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ეს არის ავტობუსები და მიკროავტობუსები და ეს რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგვეახლებინა პარკი. შეგიძლიათ ნახოთ, გადაამოწმოთ, - აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძემ საზოგადოებას ასევე, ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაახსენა და მას ძირგამომპალი, ყვითელი "ბოგდანები" უწოდა.
შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. კი, ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოწესრიგებულია და ახალი. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი "ბოგდანები", რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრების გადაადგილების თვალსაზრისით და ეკოლოგიურად... ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე!", "არ მუშაობს", "დავიწვით ხალხი". ეს წარსულს ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ, უკეთესი პროექტები განვახორციელოთ, - თქვა კალაძემ.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსსა და საცობებზეც ისაუბრა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კალაძე ავტომობილების სიმრავლეც დაასახელა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად კომფორტული უნდა იყოს, რომ ხალხს ძვირადღირებული ავტომობილების შეძენის სურვილი აღარ გაუჩნდეს.
დღეს გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, რატომ არის გადაადგილება დედაქალაქში პრობლემური. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად, ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ, გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს და პირობას გაძლევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, - განაცხადა კალაძემ.