16 წლის მოზარდის დაჭრის საქმე - სავარაუდო დამნაშავე ქვეყნიდან გააპარეს
ქვეყნიდან გახიზნული სავარაუდო დამნაშავე. არასრულწლოვანი, რომელიც გაზაფხულზე მომხდარი მძიმე დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, საქართველოდან გააპარეს.
პროკურატურის მტკიცებით, მოზარდია თბილისშია, თუმცა ოჯახმა აღიარა, რომ არასრულწლოვანმა ქვეყანა 2 თვის წინ დატოვა, თან ისე, რომ სასამართლოზე არც ერთი ჩვენება არ მიუცია.
16 წლის მოზარდის დაჭრისთვის კი 12 წლიანი სასჯელი მის თანატოლს ემუქრება. მის წინააღმდეგ სასამართლოში 4 არასრულწლოვანის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება დევს. არსებული ინფორმაციით, მოწმის წასვლა ყველაზე მეტად პროკურატურას აწყობდა, რადგან მოზარდი აპირებდა, სისტემა ზეწოლაში ემხილებინა და ეთქვა, რომ ჩვენება თანაკლასელის წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს.
ქვეყნიდან გახიზნული მოზარდი საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. 30 მაისს მომხდარ ჩხუბში 15-მდე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. დანა კი, რომლითაც მე-9 კლასელ ბიჭს ჭრილობები მიაყენეს, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოდან გაქცეულ ახალგაზრდას ეკუთვნოდა. თუმცა მის მიმართ არც პროკურატურას და არც სასამართლოს კითხვები არ გასჩენია და ქვეყანის დატოვებაც, დიდი ალბათობით, სწორედ მფარველების მეშვეობით მოახერხა.
15 მოსწავლეს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ახლა განსასჯელის სკამზე მხოლოდ ერთი მსჯავრდებული ზის. სკოლის მოსწავლეს, რომელის დნმ-ც კი დანაშაულის იარაღზე არ არსებობს, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ,,პირველებმა" მოიპოვა, დგინდება, რომ მეათეკლასელი ბიჭის წინააღმდეგ ჩვენებას არც ერთი მოზარდი არ აძლევს, მათ შორის, არც დაზარალებული.
მოზარდები ამბობენ, რომ არ დაუნახავთ, ვინ იხმარა ჩხუბის დროს დანა. ცივი იარაღი ბრალდებულს არ ეკუთვნოდა, დნმ ზედ სხვისია, ამიტომ ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა ციხისთვის ადამიანის მხოლოდ იმიტომ სწირავს, რომ საქმე გაუხსნელი არ დარჩეს.
მეათეკლასელი ბიჭის ბრალდების საქმეზე 5 თვიანი სასამართლო განხილვა 2 კვირაში დასრულდება. ნოემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი, გაუშვებენ თუ არა 16 წლის ბიჭს 12 წლით ციხეში.