გვრიტიშვილი პარლამენტშია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სასამართლოში კლანის არსებობას ისევ უარყოფს

04.11.22 13:27
გვრიტიშვილი პარლამენტშია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სასამართლოში კლანის არსებობას ისევ უარყოფს

დიმიტრი გვრიტიშვილი პარლამენტშია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრი სასამართლო რეფორმის შესახებ შეხვედრას ესწრება. 

დიმიტრი გვირტიშვილი, რომელმაც დანიშვნიდან რამდენიმე საათში თავდაცვიდან თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა დაანონსა, დღეს ამტკიცებს, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნა ქვეყნის ევროინტეგრაციიას ხელს არ შეუშლის. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სასამართლოში გავლენების ჯგუფის არსებობას დღესაც უარყოფს და მიაჩნია რომ ნიკა გავარამიას საქმეზეე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

გვრიტიშვილის თქმით, ის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავს, რომ მისი კოლეგები დასანქცირდნენ და აღნიშნავს იმასაც, რომ ეს გარკვეულწილად არის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის.

არაფორმალური გავლენის ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. მე და ჩემი კოლეგები, 9 მოსამართლეა საბჭოში, თუ ვინმე ამ ჯგუფს აღიქვამს გავლენის ჯგუფად, მე ვამბობ, რომ ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არასერიოზული მგონია ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ორი მოსამართლე წევრის არჩევა 15 კაციან საბჭოში, თუნდაც ეს იყოს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ე.წ. სანქცირების თემა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. მე, როგორც იურისტი და როგორც მოსამართლე ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ჩემი კოლეგები დასანქცირდნენ თქვენს მიერ დასახელებული საქმის გამო. მიჭირს წარმოვიდგინო სიტუაცია, რომ აშშ-ში, რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლობაც არ უნდა იყოს ეს, მსგავსი კომენტარი გააკეთოს ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში და ამერიკის მმართველ პარტიას ან იქაურ მოსამართლეებს მსგავსი რეაქცია არ ჰქონდეთ, რომ ეს, გარკვეულწილად არის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის". - ამბობს გვრიტიშვილი.