ბათუმის N3 დაწესებულებაში პატიმარმა თანამესაკნე დაჭრა
ბათუმის მესამე დაწესებულებაში პატიმარმა თანამესაკნე დაჭრა. შემთხვევა დღეს დილას მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, საკანში 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.