"უნდა მომეკლა ყელში დანის ჩარტყმით"- დაქირავებული მკვლელის სკანდალური აღიარება
ექსკლუზივი - "პირველებმა" დაკავებული პაკისტანელის გამაოგნებელი ჩვენება მოიპოვა. ამირ ხანი გამომძიებლებს უყვება, რომ ებრაელი ბიზნესმენი ყელში დანის ჩარტყმით უნდა მოეკლა, თუმცა მოგვიანებით დავალება შეიცვალა და იარაღის გადაცემა მოითხოვა.
უნდა მომეკლა ყელში დანის ჩარტყმით. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ მე ამის შანსი ორჯერ მქონდა, თუმცა მოგვიანებით, ვუთხარი სუფიანს, რომ მე დანით კაცის მოკვლა არ შემეძლო და ჩემთვის ეშოვნა პისტოლეტი"- წერია 32 წლის კაცის ჩვენებაში.
დაკავებული დეტალურად აღწერს, როგორ გადაიბირეს ირანულმა სპეცსამსახურებმა და როგორ გამოუშვეს თბილისში დავალების შესასრულებლად.
მისი ჩვენებიდან ირკვევა ისიც, რომ "ალ-ქაიდასთან" დაახლოებული ირანული სპეცსამსახურების წარმომადგენლები თავისუფლად მოძრაობენ საქართველოში და მათ კონსპირაციული ბინაც ქონდათ აღებული.
ასეთ ბინაში ცხოვრობდა დაკავებული ამირ ხანი ერთი თვის განმავლობაში ირანელ აგენტთან ერთად. ირკვევა, რომ სწორედ მაშინ გაუმხილეს რა დავალება უნდა შეესრულებინა თბილისში.
დაქირავებული მკვლელი აღიარებით ჩვენებაში წერს, რომ საქართველოში დუბაიდან, შეკვეთილი მკვლელობის შესასრულებლად 14 სექტემბერს ჩამოფრინდა და საზღვარი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უბრალოდ გადმოკვეთა. საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი პირი ქვეყნაში დაბრკოლების გარეშე შემოვიდა, მანამდე საქართველოში უკვე ჩამოსული ირანულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი 45 წლის მოქალაქე - სუფიანი, რომელსაც ქილერი მკვლელობის შემკვეთად ასახელებს.
ჩვენების მიხედვით, ხანმა იციკ მოშეს ყოველდღიური თვალთვალი დაიწყო. ებრაელი ბიზნესმენის ყოველ ნაბიჯს სწავლობდნენ და მკვლელობისთვის შესაფერის დროს და ადგილს არჩევდნენ. ყველა დეტალი წინასწარ იყო გავლილი და შეთანხმებული.
დაკავებული ყვება, რომ იარაღი მას თარჯიმნების მეშვეობით გადასცეს. დავალება კი სისრულეში 7 ნოემბრამდე უნდა მოეყვანა.
ისრაელი ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. იციკ მოშე კი, რომელიც საქართველოში წლებია ცხოვრობს "პირველებს" უყვება, რომ მისი შესაძლო ლიკვიდაციის ამბავი ისრაელის პრეზიდენტისგან გაიგო. ირწმუნება, რომ არ იცის, ვინ და რატომ გეგმავდა მის მოკვლას.
ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობისთვის სუს-მა პაკისტანის მოქალაქე და მისი თანამზრახველობის ბრალდებული სპარსული ენის ორი თარჯიმანი დააკავა, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო უწყებას დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია შეკვეთილი მკვლელობის მთავარი სამიზნე.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში