"გვთავაზობენ იატაკზე დაძინებას, ბატონო ელჩო, მოსვლა მაინც იკადრეთ!" - რას წერს აეროპორტში ჩარჩენილი მამაო

14.12.22 10:20
"გვთავაზობენ იატაკზე დაძინებას, ბატონო ელჩო, მოსვლა მაინც იკადრეთ!" -  რას წერს აეროპორტში ჩარჩენილი მამაო

მღვდელმონაზონი ლეონ გელოვანი საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარიზი-ქუთაისის ავიარეისი გაუქმდა და ღამის გათენება საქართველოს სხვა მოქალაქეებთან  ერთად აეროპორტის დარბაზში უწევს.

მისივე ცნობით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს საელჩოს წარმოამდგენლები ადგილზე არ მივიდნენ და არც რაიმე ინფორმაცია მიაწოდეს. 

პარიზი-ქუთაისის რეისი გაუქმდა. გვეუბნებიან რომ ერთი კვირის შემდეგ გადაგვიცვლიან ბილეთებს. ავიაკომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ხუთი საათი ვიდექით, საელჩომ ცხელ ხაზზე მიპასუხა, რომ შესაძლებელია აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში გავათენოთ საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ. 
არც კი მოვიდა ვინმე საელჩოდან, რომ მინიმუმ სწორი ინფორმაციის მოწოდება უზრუნველყონ.
აქვე, სხვა ქვეყნის (რუსულენოვანები იყვნენ, ზუსტად არ ვიცი) 20-მდე მოქალაქეს გაუუქმდათ ფრენა, მოვიდა მათი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი, ავტობუსით წაიყვანა ეს ხალხი და დაპირდა მეორე დღეს ფრენის უზრუნველყოფას.
7 საათის შემდეგ კონსულმა განგვიცხადა, რომ დავრეკოთ ახლობლებთან და ვისესხოთ ფული ბილეთებისთვის.
ახლა გვთავაზობენ იატაკზე დაწოლას და დაძინებას, მობრძანდით ბატონო ელჩო და დაიძინეთ თქვენც აქ! მოსვლა მაინც იკადრეთ, - წერს მამა ლეონ გელოვანი.