მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას მიხეილ სააკაშვილთან - უკრაინის ომბუდსმენი
უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. დმიტრო ლუბინეცი ამის შესახებ ტელეგრამ არხზე წერს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვან ის მესამე პრეზიდენტთან.
მისი თქმით, მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, შემაშფოთებელია.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშს და შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ის სათანადო სამედიცინო დახმარებით და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობებით, ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში. უკრაინა, როგორც დემოკრატიული და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას!, - წერს ომბუდსმენი.