სექსუალური კავშირის იძულებისა და მკვლელობის მცდელობის გამო პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

16.12.22 14:18
სექსუალური კავშირის იძულებისა და მკვლელობის მცდელობის გამო პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

სექსუალური ხასიათის კავშირის იძულება და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება  - საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარ ფაქტთაან დაკავშირებით ერთ პირს ბრალი წაუყენა.

 

პროკურატურის ინფორმაციით,  ბრალდებული დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. რამდენჯერმე უარის მიღების შემდეგ კი მსხვერპლს სახლთან  პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა, რომელიც საბრძოლო მოქმედებაში იყო მოყვანილი. 

ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა - ნათქვამია პროკურატურის განცახდებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.