პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს, სააკაშვილი მოკვდება, თუ გადარჩება - შალვა ხაჭაპურიძე
პენიტენციურს არ აინტერესებს, სააკაშვილი მოკვდება, თუ გადარჩება. არ აინტერესებს და უპატივცემულოდ ექცევა კლინიკა ,,ვივა მედს - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, "ვივა მედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის, განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც კლინიკას ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა პენიტენციური სამსახურისგან არ მიუღია.
ადვოკატის განმარტებით, პენიტენციურმა სამსახურმა ჩაიდინა მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობა, მაქსიმუმ კი სისხლის სამართლის დანაშაული, როცა ექსპერტიზის მასალები არ მიაწოდა კლინიკას, სადაც მიხეილ სააკაშვილს უნდა უმკურნალონ.
გუშინ საღამოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ქალბატონმა ნინო ნადირაძემ გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება, თქვა, სად არიან ადვოკატები, რატომ არ მაძლევენ ექსპერტიზის დასკვნასო.
დასკვნა პირველ დეკემბერს მე ჩავაბარე, 21 ტომი მტკიცებულებებით, რომელიც დაუყონებლივ გადაეცა პენიტენციურ სამსახურს. მას კი ეს მასალები უნდა გადაეცა ,,ვივა მედისთვის", რომელიც ამ დოკუმენტებს გაცნობილი უნდა იყოს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებდეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
ირკვევა, რომ არანაირი დოკუმენტები 15 დეკემბერს ,,ვივა მედისთვის" არ მიუცია. სასამართლო შეცდომაში შეიყვანა პენიტენციურის წარმომადგენელმა და სააკაშვილის დოკუმენტები "ვივა მედმა" არც კი იცის, რაზე არის საერთოდ საუბარი.
ეს არის იმის მტკიცებულება, რომ პენიტენციურს არ აინტერესებს, სააკაშვილი მოკვდება, თუ გადარჩება. არ აინტერესებს და უპატივცემულოდ ექცევა კლინიკა ,,ვივა მედს" და მის თანამშრომლებს, გამოხატავს სამსახურეობრივ გულგრილობას და ჩემი აზრით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.