რატომ შეექმნა თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემა? - ოპოზიციის შეფასება
ცნობილია მიზეზი, რის გამოც დედაქალაქში მცირე ნალექის და ყინვის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება. ირკვევა, რომ თბილისში ავტობუსებს ზამთრის საბურავები არ აქვთ და ზაფხულის საბურავებით გადაადგილდებიან. გარდა ამისა, ტექნიკური მარილი დედაქალაქის ქუჩებში ყველგან დაყრილი არაა, რის გამოც შიდა გზები და ტროტუარები მოყინულია.
არ ვიცი, აქვთ თუ არა ავტობუსს ზამთრის საბურავი, მე ვარ მძღოლი. გადაადგილებაში ის უფრო გვიშლის ხელს, რომ გზებზე საჭირო რაოდენობის ტექნიკური მარილი არ ყრია. ასეთ დროს ზამთრის კი არა, დისკებით რომ იარო, ვერ ივლი.
გუშინ ტექნიკური მარილი გვიან დაიყარა. - აცხადებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი.
დედაქალაქის მთავრობა არააკომპეტენტურია და ბიუჯეტის ფულს არამიზნობრივად განკარგავს - აცხადებს ოპოზიცია.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერია ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა და ფული არასაჭიროებისამებრ გამოიყენა.
მოუმზადებელი შეხვდნენ ზამთარს, ამ დიდთოვლობას და ბევრი პრობლემა შეიქმნა, მათ შორის, ქალაქში.
აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუმზადებელი აღმოჩნდა ზამთრისთვის. როცა ქალაქის ბიუჯეტი ნახევარ მილირდზე მეტია და მაღალჩინოსნებს ფული არ ენანებათ ძვირიანი ჯიპების საყიდლად, ამ დროს კი ფულს ზოგავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე- ამბობს ირაკლი ნადირაძე.