ძლიერი ქარის გამო 567 ობიექტი დაზიანდა - იმერეთში სტიქიის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან
იმერეთის რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად სულ 567 შენობას ნაწილობრივ, ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი, აქედან 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტია.
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა, ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უწევენ დახმარებას. ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას აწარმოებენ. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. პრობლების მოგვარების მიზნით სამუშაო ჯგუფები მთელი დღის მანძილზე მუშაობენ.
რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.