გაუგებარ სიაში ჩემი შეყვანა, ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა - სააკაშვილის მკურნალი ექიმი
ექიმი, რომელსაც სააკაშვილის გამო მაგნიტსკიის სიის ქართულ ვარიანტში მოხვედრა და სანქციები ემუქრება ამბობს, რომ ადგილი აქვს მის დისკრედიტაციას და უსაფუძვლო უწოდა ყველა ბრალდებას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე აყენებს.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც გორის ჰოსპიტალთან გაიმართა, ნინო გოგორიშვილმა თქვა, რომ ექს პრეზიდენტის მკურნალობა მიმდინარეობდა სამედიცინო კონსილიუმთან შეთანხმებით და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მკურნალობა, რომელიც იმ პერიოდში უტარდებოდა სააკაშვილს, თანხმდებოდა სახელმწიფო კონსილიუმთან, ამასთანავე მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეულ დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი და წევრები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კომისია.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაც, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაც და სტაციონარიდან მისი გაწერაც წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, რომ არის ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა". - თქვა ექიმმა.