რის საფუძველზე გამართლდნენ რადიკალები - პროკურატურის განმარტება
რის საფუძველზე გაამართლა 5ივლისის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომ - პროკურატურა დასაბუთებული განაჩენის ჩაბარებას ელოდება. პროკურორის თქმით, მოსამართლე მაია თეთრაულის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.
პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, ვინაიდან როგორც მოვისმინეთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 225 მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდებულები გაამართლა, თუმცა დამნაშავედ სცნო ბრალად წარდგენის სხვა ქმედებებში, ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღრა თითოეულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ხდებოდა მტკიცებულებების გამოკვლევა. სწორედ ეს მტკიცებულებები გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლომ. თუ რას დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო, როდესაც აღნიშნულ ნაწილში გაამართლა მსჯავრდებულები, ამ ეტაპზე არ შემიძლია პასუხი გავცე, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი ჩაბარებული არ არის, - ამბობს პროკურორი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზების მუხლი მოუხსნა.
მოძალადეებს სასჯელი შეუმცირეს და ყველა მათგანს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.