რამდენ პროცენტს უფიქსირდება საქართველოში საბანკო ვადაგადაცილება - საგანგაშო სტატისტიკა

24.01.23 13:42
რამდენ პროცენტს უფიქსირდება საქართველოში საბანკო ვადაგადაცილება - საგანგაშო სტატისტიკა

საქართველოში საბანკო მსესხებლის 9% ვადაგადაცილებული სესხი უფიქსირდება. სტატისტიკას „კრედიტინფო საქართველო“ ავრცელებს.

სტატისტიკაში ის მსესხებლები ხვდებიან, რომელთაც 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდებათ. საუბარია 128 ათას მოქალაქეზე, რომელტა დავალიანებაც 1.43 მილიარდ ლარს შეადგენს. 

სტატისტიკის თანახმად, ბანკებში ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა მთლიანად მსესხებელთა რაოდენობის 7.8%-ია, ხოლო მათი ვადაგადაცილებული კრედიტების ჯამური ღირებულება გაცემული სესხების 3.9%-ს შეადგენს. რაც ცხადყოფს, რომ უმეტესად, ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი მიკრო-სესხების სეგმენტში ფიქსირდება.

,,კრედიტინფოს" სტატისტიკა ბანკების გარდა მისო-ების და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მონაცემებსაც შეიცავს. დოკუმენტის მიხედვით, ამ ობიექტებში სულ 744,000 აქტიური სესხი ფიქსირდება, რომელთა მოცულობაც 3.6 მილიარდი ლარია. აქედან მსესხებელთა 17%-ს ანუ 126,000 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაგადაცილება უფიქსირდება. ამ სესხების ჯამური მოცულობა კი 641 მილიონი ლარია, რაც გაცემული პორტფელის 18%-ია. სტატისტიკის თანახმად, ამ სეგმენტში ერთი ვადაგადაცილებული სესხის საშუალო მოცულობა 5,068 ლარია.

კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ხვდება ბანკების, მისოების და სხვა სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემული 3 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები.