გელათის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განაცხადება ჯერ გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა
გელათის ტაძარში არსებული მძიმე მდგომარეოაბსთან დაკავშირებით საპატრიარქომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და მალევე წაშალა.
საპატრიარქო წერდა, რომ 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო.
🔸 2021 წლამდე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.
🔸 ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას.
🔸 სწორედ ამ ეტაპმა გამოიწვია დღევანდელ პოზიციათა სხვაობა და უკავშირდება 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის ჩამოყვანას.
🔸 მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.
სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთისა და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველოს“ კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და აგრეთვე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი.🔸 ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს.
🔸 მკაფიო საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას იუნესკოს ექსპერტთა ანგარიშიდან:
📣 „მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას აფერხებს მათი მდგომარეობის შესწავლისა და შესრულებული ჩარევების დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა, ასევე ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის სიმწირე. შემაშფოთებელია დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ჩატარებული გადაუდებელი ჩარევების დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას, - წერდა საპატრიარქო.