სოლიდარობა ლაზარეს - სასამართლოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

01.05.23 15:43
სოლიდარობა ლაზარეს - სასამართლოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

საქალაქო სასამართლოსთან აქციისთვის ემზადებიან. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ლაზარეს მხარდასაჭერად სასამართლოსთან მივა მოძრაობა სირცხვილიაა.

საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ 21 წლის ლაზარე ხელისუფლების მხრიდან სწორედ იმიტომ ისჯება, რომ ის ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდა.

"გვინდა, რომ უბრალოდ ლაზარესთვის და თორნიკესთვის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გავაკეთოთ. გვექნება რამდენიმე მიმართვა, თუმცა ეს იქნება მხოლოდ ოჯახის წევრების მხრიდან და ვისაც სურვილი ექნება, სიმბოლურად ლაზარეს და თორნიკეს გამხნევებისთვის. დღევანდელი დღის აქციის მთავარი შინაარსი და გზავნილი არის ის, რომ ლაზარე და თორნიკე არიან დასჯილები იმისთვის, რომ 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობა მიიღეს. არ არის სწორი ამ ადამიანის მარტო მიტოვება და ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ წინასწარი სასჯელი გამოიყენა პატიმრობა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს"- ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, ევროპული მომავლის დამცველები დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და დევნის მსხვერპლები არიან, მათი გვერდში დგომა და მხარდაჭერა კი უმნიშვნელოვანესია.

"ვთვლით თავს ლაზარეს თანამებრძოლებად. სწორედ ამიტომ, ვინც თვლის რომ 7, 8, 9 მარტის აქციების პერიოდში ის იცავდა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მომავალს, მან უნდა გაითავისოს, რომ ლაზარე და თორნიკე, მისი თანამებრძოლები, დღეს არიან პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და დევნის მსხვერპლები. სწორედ ამიტომ, თანამებრძოლი არ უნდა დავტოვოთ სისტემის პირისპირ. ვიკრიბებით ლაზარეს და თორნიკეს მხარდასაჭერად იმისთვის, რომ შემდეგი არ იყოს ნებისმიერი ჩვენგანი" - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ორი საათზე ნაკლები რჩება. ადვოკატი მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების გადახედვას სთხოვს. ლაზარეს გათავისუფლებისთვის გირაოს თანხა ოცი ათასი ლარია.

მსგავსი სიახლეები