დმანისის "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის რეგიონად" მოხსენიება შემაშფოთებელია - TDI ჯაღმაიძის განცხადებაზე

18.05.21 17:17
დმანისის "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის რეგიონად" მოხსენიება შემაშფოთებელია - TDI ჯაღმაიძის განცხადებაზე

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეშფოთებას გამოხატავს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა,  ანდრია ჯაღმაიძემ დმანისი არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად მოიხსენია. 

TDI-ის მიაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში სასულიერო პირების მიერ ხშირია ჟურნალისტებზე თავდასხმები. 

უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ,  ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის, პასუხისმგებლობა და როლი, დაგმოს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი პოზიცია და შეწყვიტოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.  

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაფასოს და დაგმოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აღნიშნული განცხადება".- წერს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი".

 

მსგავსი სიახლეები