აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

21.05.21 16:24
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა -  რაზე ისაუბრეს მხარეებმა

დღეს, 21 მაისს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში  რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, შეხვედრა გაიმართა(ონლაინ ფორმატში) რუსეთის  ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილულ იქნა აღნიშნული ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

იფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე. კერძოდ, ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476,21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 159,61 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 316,60 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.  მიმდინარეობს შარშანდელი პანდემიური შოკით გამოწვეული ვარდნის გადალახვის პროცესი. საუბარი შეეხო ქონებრივი საკითხების მოგვარებასაც.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებენ ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს.  

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.
პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება"- წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავეცელებულ განცხადებაში.