ბიფსტროგანოვი, შემწვარი თევზი, ჩისქეიქი და სხვა - სამინისტროებმა სმა-ჭამაში 100 ათასობით ლარი დახარჯეს

21.05.21 18:01
ბიფსტროგანოვი, შემწვარი თევზი, ჩისქეიქი და სხვა - სამინისტროებმა სმა-ჭამაში  100 ათასობით ლარი დახარჯეს

ბიფსტროგანოვი, შემწვარი თევზი, ჩისქეიქი, ყავა ლატე, მინერალური წყალი - ასეთი შეკვეთა შერიგების სამინისტროს თანამშრომელმა შესვენების დროს უწყების ხარჯზე გააკეთა. ამ ინფორმაციას კორუფციის მკვლევარები ასაჯაროვებენ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულმა თანამშრომელმა შეკვეთა რამოდენიმე დღის შემდეგ  კვლავ გაიმეორა, რაც  სამინისტროს ბიუჯეტს  200 ლარი დაუჯდა.

კორუფციის მკვლევართა ინფორმაციით,  სამინისტროები სარესტორნო მომსახურეობაში ასობით ათას ლარს ხარჯავენ. მათი კვლევის თანახმად, მინისტრ თეა წულუკიანის შეხვედრა ოზურგეთის თეატრის წარმომადგენლებთან კულტურის სამინისტროს 5 ათასი ლარი დაუჯდა. მხოლოდ აპრილის თვეში კი სხვადასხვა სამინისტროებმა სმა -ჭამაში 95 ათასი ლარი დახარჯეს.

მხოლოდ აპრილის თვეში და მაისის დასაწყისში სამინისტროებმა 95 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურეობაში დახარჯეს. შერიგების სამინისტროს ერთი თანამშრომელი სასტუმრო ,,მეტეხში" სამინისტროს ხარჯზე ყავის დასალევად დადის და ამაში ასობით ლარი დაიხარჯა, იგივეა თეა წულუკიანის შემთხვევაც, როცა უზურგეთის თეატრში მისი დახურული ვიზიტის შემდეგ რესტორანში გადაინაცვლეს და ამაში 5 ათასი დაიხარჯა. - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე. 

კორუფციის მკვლევარი, ქეთევან ენუქიძე, აცხადებს, რომ მცირე თანხების ხარჯვის მიზნობრიობა რიგ სამინისტროებს ხშირად მითითებული არ აქვს.

 როცა დიდ თანხაზეა საუბარი, მას მიზნობრიობა აქვს მითითებული, მაგრამ მცირე თანხებზე სამინისტროები არ იძლევიან განმარტებას. ბიუჯეტის ფულიდან არარაციონალურად ერთი ლარი დაიხარჯება, თუ 10 ათასი, ამას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს, არ არსებობს ასეთი თანამშრომლების დასჯის მაგალითიც კი - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.

კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ ,,ოცნების" მმართველობის პერიოდში ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მმართველი პარტია უარს არ ამბობს მდიდრულ ცხოვრებაზე.

ფაქტობრივად, ხალხს დასცინიან, როცა ასეთი მასშტაბის ხარჯებს წევენ - აღნიშნავენ კორუფციის მკვლევარები.