"სცემეს, ეგონათ, შემოაკვდათ და გადმოაგდეს" - ოჯახის მტკიცებით, თბილისში 50 წლის კაცი მოკლეს

21.05.21 20:30
"სცემეს, ეგონათ, შემოაკვდათ და გადმოაგდეს" - ოჯახის მტკიცებით, თბილისში 50 წლის კაცი მოკლეს

50 წლის გია გიორგაძის ნათესავები დარწმუნებულები არიან რომ მათი ოჯახის წევრი რამდენიმე პირმა ჯგუფურად მოკლა, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი კიბიდან დააგორეს. 

"პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა 2 თვის წინ, დიღომში, სოც.დაუცველების საცხოვრებელში მოხდა. 

ბურუსით მოცულ საქმეს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა დასახლებაში მომხდარ ფაქტზე საუბარს გაურბიან. 

გიორგაძის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მამაკაცის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას პოლიცია განზრახ არ იძიებს.   

ამბავი კი, რომელსაც "პირველებს" გარდაცვლილის და უყვება, შემზარავია - გია გიორგაძეს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეგონათ რომ შემოაკვდათ, რის შემდეგაც პირველი სართულიდან გადააგდეს. მას შემდეგ კი რაც თავდამსხმელები დარწმუნდნენ, რომ გიორგაძე ცოცხალი იყო, მისი გადაადგილება სცადეს. შემთხვევის ადგილი კი მოწმინდეს. 

"არ ვიცოდით რომ ეს იყო მკვლელობა, მეორე დღეს გავიგეთ. ჩხუბი სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემმა ძმამ შენიშვნა მისცა პირებს, რომლებიც ეზოში ხმაურობდნენ და იგინებოდნენ"- ამბობს გარდაცვლილის და. 

საქმეზე ერთი პირია დაკავებული, რომელსაც გამოძიება სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებას ედავება. ოჯახი კი საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. 

გიორგაძეები დარწმუნებული არიან რომ მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. საერთო საცხოვრებელში მომხდარზე ლაპარაკს ყველა გაურბის. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები