"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

03.07.23 12:01
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
  
ზურაბიშვილის დაბლოკილი საარჩევნო კოდექსი რომ დაამტკიცოს მმართველმა პარტიამ 76-ი დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ ტაბლოზე საჭირო ხმები დაფიქსირდება, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. ოპოზიცია ამ ცვლილებებს აპროტესტებს, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება კობახიძე -ღარიბაშვილის გუნდს ერთპიროვნულად უნდა.

 პრეზიდენტს ვეტოს მისი საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს - ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება.

“მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზეპარტიული თანამდებობის პირია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, მოცემულ ვითარებაში, მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლის არსებითად შემცირება გაუმართლებლად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ ნაწილში კანონის მოქმედი რედაქციის შენარჩუნება.

მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში კონსესუსის საჭიროება შენარჩუნდეს, რათა მათი არჩევა არ მოხდეს ერთპარტიულად - მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და საფრთხე არ შეექმნას დამოუკიდებელი, უპარტიო ინსტიტუტის არსებობას.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად გამოცხადდეს და საკონკურსო კომისია შეიქმნას პრეზიდენტის მიერ და შერჩეული კანდიდატები პარლამენტს წარედგინოს პრეზიდენტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აცხადებს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.