ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მისი მეუღლე და მეგობარი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

03.07.23 12:12
ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მისი მეუღლე და მეგობარი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის  ფაქტზე მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდებული მოკლულის მეუღლე, ქეთევან ჩხაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

ზურაბ კახიშვილისთვის მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე ქეთევან ჩხაიძისთვის მისჯილი 5 წელი და 6 თვე ძალაში დარჩა.

საქმის პროკურორის თქმით, მსჯავრდებულს პროცესზე არ უსაუბრია და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომელიც ბრალდების მხარის მიერ არ იყო დადგენილი.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას აანონსებს და ამბობს, რომ ღუნაშვილის მიმართ მთელი პროცესების განმავლობაში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.

გარდაცვლილი ღუნაშვილის დედა კი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ სასამართლოს ქეთევან ჩხაიძისთვისაც უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა.

"დაიწყო ქალბატონმა ქეთევან ჩხაიძემ დაამთავრა კახიშვილმა, ორივემ ერთად მე პირველივე დღიდან ვიბრძოდი პროკურატურაშიც, მოსამართლესთანაც ყველგან აბსოლუტურად, ეს არის თანამონაწილე. ესეც უნდა წასულიყო უვადოზე და რატომ კიდევ, მარტო იმიტომ, რომ მარტ მკვლელი არ არის მკვლელი, აწამეს გადააგდეს ცხოველების მოტრიალდა ჩვეულებრივ ცხოვრებით იცხოვრა, არ განაცხადა დამალა, გაასუფთავა ყველაფერი. ეს ქალი არის ყველაფერზე წამსვლელი, ხვალ ამისი შვილებიც საფრთხის ქვეშ დგანან".- ამბობს ღუნაშვილის დედა.

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 2021 წლის 14 მარტს იპოვა.  მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 34 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.