მკვლელობა სოფლის ცენტრში - რატომ გაიმეტა 31 წლის კაცმა პენსიონერი მეზობლები
ველისციხის ცენტრში დაცხრილული პენსიონერების ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ახლა ყველა ელოდება, რას იტყვის მკვლელობაში ბრალდებული. 31 წლის ახალგაზრდამ ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი თანასოფლელებს. გივი კობერიძე და მერაბ ზალუაშვილი, რომლებიც პენსიის ასაღებად რიგში იდგნენ ადგილზე გარდაიცვალნენ. ამ სასტიკი მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული გია ფარსადანაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პენსიონერებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ის სახლში წავიდა და ადგილზე ავტომატით შეიარაღებული დაბრუნდა, ამის შემდეგ საჯაროდ დაცხრილა ორი თანასოფლელი. შემზარავი მკვლელობის შემდეგ ფარსადანიშვილმა გაქცევა სცადა, თუმცა ის მალე დააკავეს და ახლა ის იზოლატორში ყველაზე მძიმე მუხლით ბრალის წარდგენას ელოდება.