დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა აღადგინა
დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ცოტახნისწინ მუშაობა აღადგინა. აეროპორტი ძლიერი წვიმის გამო პარალიზებული იყო, იქ ჭერი ჩამოინგრა და კონსტრუქცია პირდაპირ მოსაცდელ დარბაზში ჩავარდა. წყალმა აეროპორტის დერეფნები დატბორა, გადადებული იყო საერთაშორისო რეისები.
თვითმხილველების თქმით, ახლად აშენებული ფლიგელი ჩამოვარდა, რამაც მოგვიანებით ტექნიკური პრობლემები და აპარტურის დასველება, დაზიანება გამოიწვია.
წყალი ჩამოვიდა ახლად აშენებულ ფლიგელში, რომელიც ერთი წელი არც არის, რაც გაიხსნა და საერთოდ ყველანაირი ფრენა გადადებულია. ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ როდის განახლდება ფრენები და ზოგადად ჩვენი ინფორმაციით, პრობლემები აქვთ ტექნიკური მხრით, აპარატურაც დასველებულია. შეიძლება ითქვას, რომ მთელს აეროპორტში ჩამოვიდა წყალი და ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებს აეროპორტი ამ ეტაპზე, - ამბობს თვითმხილველი.
თვითმხილველთა ნაწილი მოხდარში პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს. მათი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ აშენებული "საქართველო ვეღარ უძლებს ვერც წვიმას, ვერც ქარს და ვერ ვერანაირ ბუნებრივ მოვლენას".
ჩვეულებრივი წვიმაა, ალბათ ვეღარ უძლებს უკვე "ქართული ოცნების" მიერ აშენებული საქართველო ვეღარ უძლებს ვერც წვიმას, ვერც ქარს და ვერ ვერანაირ ბუნებრივ მოვლენას. ეს ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაა, რომ საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მთელი მსოფლიოდან მოდიან ტურისტები, ეს არის სახელმწიფოს სახე. აქ დღევანდელ დღეს დაიკეტა აეროპორტი იმის გამო, რომ წვიმამ ჩამოანგრია ჭერი, - თქვა თვითმხილველმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოვარდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჭერის შეფუთვა მოსაცდელ დარბაზშია მიმოფანტული წყალი კი ძლიერი ნაკადით მოედინება.